ერეკლე II ბაგრატიონი – აღმოსავლეთის ნაპოლეონი – მეფე, რომელმაც 500 ბრძოლაზე მეტი გადაიტანა!

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

მეფე, რომელიც ძველი ვიკინგი იარლივით თვითონ მიუძღოდა ლაშქარს წინ და თვითონ აჩვენებდა ბრძოლის მაგალითს. ასეთი სიმამაცე მმართველისგან უკვე დიდი ხანია მივიწყებული იყო მთელ მსოფლიოში. ამას თითქმის არავინ აკეთებდა რეალურად. მეფეები და გენერლები მხოლოდ ომის დაგეგმვით იყვნენ დაკავებული, ბრძოლაში ხელს არავინ ისვრიდა, თავსაც არავინ უქმნიდა საფრთხეს. მეომრებით ჭადრაკს თამაშობდნენ.
მეფე ერეკლეს კი ისტორიული ფაქტია, რომ მხრის და ზედა კიდურის მარჯვენა მხარე ბევრად დიდი ჰქონდა, ზედმეტი ხმლის ქნევისგან.

„იდგა 1720 წლის 7 ნოემბერი. თელავის სასახლეში უფლისწული დაიბადა – ძე თეიმურაზისა და თამარისა, შვილიშვილი მეფე ვახტანგ მეექვსისა, სახელად დაარქვეს ერეკლე, – ხალხისგან „პატარა კახად“ წოდებული.. საქართველოს უკანასკნელი დიდი ხელმწიფე…

თხუთმეტი წლის ერეკლე ბატონიშვილის საბრძოლო ნათლობა 1735 წელს მოხდა, როცა ქიზიყს შემოსეული ლეკები ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა უფლისწულმა ახალგაზრდა მხედრების მცირე რაზმით სასტიკად დაამარცხა. ეს იყო ბატონიშვილის პირველი ბრწყინვალე გამარჯვება. ლევან სანიკიძის „დედა ისტორიაში“ ვკითხულობთ: „1735 წელი პირველი გამოსვლაა თხუთმეტი წლის პატარა კახისა – დასაწყისი უკანასკნელი დიდი ქართველი ხემწიფისა და მამულიშვილისა… ცხენზე ზის ერეკლე ბატონიშვილი და 60 (სამოცი) წელიწადი ვერ ჩამოხტება საომარი უნაგირიდან.“

1762 წელს თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ქართლ-კახეთი გაერთიანდა ერეკლე II-ის კვერთხის ქვეშ.

ერთმეფობა დამყარდა საქართველოში. ერეკლეს დიდება გასცდა მისი სამეფოს ფარგლებს. პრუსიის მეფეს, მთელ ევროპაში სახელგანთქმულ მხედართმთავარ, ფრიდრიხ დიდს უთქვამს: ქვეყანაზე ახლა ორი სარდალია: დასავლეთში მე, აღმოსავლეთში – ერეკლე მეფეო. პატარა კახს ალექსანდრე მაკედონელსაც ადარებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ცნობები, ქართველი ხელმწიფის შესახებ ინგლისური გაზეთების პირველ ან ძირითადი სიახლეების გვერდებზე იბეჭდებოდა და ინგლისურ პრესას არცერთი ქართველი მონარქისადმი მსგავსი ინტერესი არ გამოუჩენია. მე-18 საუკუნეში ბრიტანული პრესის 29 ძირითადი გამოცემა (‘British Evening Post’, ‘Public Ledger’, ‘Public Advertiser’, ‘London Evening Post’, ‘Lloyd’s Evening Post’, ‘Middlesex Journal’ და სხვა.) აქტიურად წერდა მეფე ერეკლეს პირად მახასიათებლებლებზე, პოლიტიკურ მიღწევებსა თუ მარცხზე.
წიგნში ასევე შესულია ინგლისურ პრესაში დაბეჭდილი დოკუმენტები და ცნობები იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობის შესახებ…

მისი სახელი ბრიტანულ პრესაში პოპულარული ხდება 1752 წლიდან. 1752 წლიდან მთავარ გვერდებზე ყოველთვის არის ინფორმაცია ერეკლე მეორის შესახებ… აი მაგალითად: PUBLIC ADVERTISER. LONDON. 15. 11. 1772 წერს: – პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან არის სპარსეთის ტახტის პრეტენდენტი, რომელმაც გამანადგურებლად დაამარცხა ბრძოლაში შაჰ-სეფი და ისპაჰანში მისი ტახტი დაიკავა… რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ძალიან გაზვიადებულია, იმიტომ რომ ერეკლეს არ დაუკავებია ისპაჰანში ტახტი და არც სპარსეთის ტახტის პრეტენდენტი ყოფილა. თუმცა მან ბრძოლაში ირანის ტახტის ორი პრეტენდენტი დაამარცხა და ამას როგორც ჩანს ძალიან დიდი იმედით შეხედა ევროპულმა საზოგადოებამ. 1754 წელს შემდეგ წერენ: ჩვენ გვაცნობეს სპარსეთიდან, რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა, რომლის გმირობებმაც მთელს მსოფლიოში უდიდესი ხმაური გამოიწვია, გადაისროლა თავისი ძალები კასპიის ზღვის ნაპირებთან. ხოლო Dublin 1744 year წერს: საქართველო აზიის უდიდესი ქვეყანაა, რომელიც კასპიის ზღვის ნაპირებამდეა გადაჭიმული… – ანუ იმდენად აქტუალური და პოპულარულია ერეკლე მეორე, რომ მის ქვეყანაზეც ლეგენდები დადის. LONDON EVENING POST, 1761 წერს: შაჰ ნადირის ჰერაკლიუსი, საქართველოს მოქმედი მმართველი, რომელმაც დიდება იმპერიის სამოქალაქო ომში მოიხვეჭა… ერეკლე მეორე არ იყო სამოქალაქო ომში ჩართული, მაგრამ ვიცით რომ ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს სპარსეთიდან გამოგზავნილ მტერს საქართველოს წინააღმდეგ და ეს მოვლენა როგორც ჩანს ევროპულ პრესაში დიდ გამოხმაურებას პოულობდა… იგივე გაზეთი წერს: ამსტერდამიდან მიღებული ბოლო წერილის თანახმად, პრინცი ჰერაკლიუსი – სპარსეთის ახალი დამპყრობელია.

ასევე: “სპარსეთიდან მოსული ბოლო ცნობების თანახმად, რასაც ასტრახანშიც გვიდასტურებენ პრინცმა ჰერაკლიუსმა საქართველოდან თავის ძლევამოსილ არმიასთან ერთად უკვე დაიპყრო რამდენიმე ქალაქი და ნახევარი ისპაჰანი” – ჰამბურგი, 1752, 13 მარტი… ეს ინფორმაცია საინტერესოა იმ მხრივ, რომ მეფე ერეკლეს შესახებ არამარტო ინგლისში იციან, არამედ იციან ჰამბურგშიც, ასტრახანშიც, ამსტერდამშიც… მთელი ევროპული საზოგადოება ძალიან დიდი იმედით შეჰყურებდა ერეკლე მეორეს. თავისთავად ცნობებიც ძალიან გაზვიადებულია. იმ ეპოქაში, როდესაც დასავლური ცივილიზაციის ღირებულებები ფაქტიურად გაანადგურა ერთის მხრივ სპარსეთმა და მეორეს მხრივ ოსმალეთმა, (რომელიც ლამის ვენამდე იყო მისული თავის ძლევამოსილებით), ამ დროს გამოჩნდა ქართლ-კახეთის მმართველი, ქრისტიანი მეფე, რომელიც ახერხებს დასავლური ცივილიზაციის შენარჩუნებას და ამ ცივილიზაციისთვის ბრძოლას. სწორედ ამიტომ იყო დიდი იმედით განმსჭვალული ერეკლე მეორეს მიმართ ევროპული საზოგადოება: ამის ერთ-ერთი გამოძახილია 1766 წელს დაბეჭდილი ცნობა: პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან, რომელიც მსახურობდა ლეიტენანტის ხარისხში პრუსიის მეფის, ფრიდრიხ დიდის შეიარაღებულ ძალებში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იწყებს განმათავისუფლებელ ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ… მეფე ერეკლეს არასოდეს არ უმსახურია პრუსიის მეფის შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ პრუსიის მეფის ფრიდრიხ დიდის ცნობილი სიტყვებია – მსოფლიოს ორი მმართველი ჰყავს, დასავლეთში ეს მე ვარ და აღმოსავლეთში პრინცი ერეკლე… მარტო ლეგენდები და გაზვიადებული ცნობები არ არის, აი, ეს უკვე სიმართლეა: ლეგჰორანიდან მოსული პირადი წერილებიდან ჩანს, რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა საქართველოდან, მოიპოვა სრული გამარჯვება ერზერუმის ფაშის 50 ათას კაციანი არმიის წიინააღმდეგ… ვიცით რომ ერეკლე მეორემ რამდენჯერმე დაამარცხა მუსლიმთა დიდი კოალიცია… არცერთი გაზვიადებული ინფორმაცია ჰაერიდან მოტანილი არ არის. მას რაღაც საფუძვლად სიმართლე უდევს… ერეკლე მეორის შეფასებას ასე გაზვიადებულად თავის ახსნა აქვს. ევროპულ საზოგადოებას, დასავლურ ქრისტიანულ სამყაროს ძალიან დიდი იმედი ჰქონდა ერეკლე ბაგრატიონისა, რომელიც აღმოსავლური ძალიან ძლიერი იმპერიების კლანჭებში იყო მოქცეული და თავდადებულად და გმირულად იბრძოდა დასავლური ცივილიზაციისა და ქრისტიანული ღირებულებების შესანარჩუნებლად უკიდურესად რთულ რეგიონში.

ევროპაში ასეთი პოპულარობის ფონზე დაუჯერებელი აღარ უნდა იყოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „მე-3 სიმფონიის“ ადრესატი სწორედ ერეკლე მეორე ყოფილა. ეს ფაქტი 1997 წელს „რეზონანსში“ გამოაქვეყნა ბატონმა იური ვეკუამ. ბეთჰოვენს ერეკლე მეორის პიროვნებისა და მოღვაწეობის ამბები თურმე მისმა მეგობარმა, საქართველოში მოღვაწე ფრანცისკანელმა ბერმა ბონიფაციუს ებერჰარტმა გააცნო, რომელსაც მიწერ-მოწერა ჰქონია დიდ კომპოზიტორთან.

1819 წელს მიწერილ წერილში ბონიფაციუს ებერჰარტი წერს: „ძმაო ლუდვიგ, რომ იცოდე, რა გმირი ხალხია და როგორ ვაჟკაცურად იტანენ ტანჯვას, რომელიც უფალმა რუსთა ბატონობის სახით მოუვლინა მათ. ქართველების ქვეყანა ოდესღაც ჰყვაოდა. მეფენი მისნი იყვნენ ბრძენნი და ძლევამოსილნი. უკანასკნელი მათგანი იყო დიდი კახი – ერეკლე II. (ერეკლე მეორეს ქართველებმა სიყვარულით უწოდეს პატარა კახი, ხოლო მისი ნაღვაწით აღფრთოვანებულმა ევროპელმა ევრპული ყალიბი მოიმარჯვა და ერეკლეს დიდი კახი უწოდა, არა ქართველთა „შეცდომის“ გასასწორებლად, არამედ „პატარა კახის“ შინაარსის ევროპული ცნობიერების ენაზე გადასათარგმნად.) ძალზე გამახარა იმ ამბავმა, რომ ირაკლიზე, რომელსაც ჩვენმა მეგობარმა მათიამ აღმოსავლეთის ნაპოლეონი უწოდა, სიმფონიის შექმნა გქონია გადაწყვეტილი და კიდევაც შემდგომიხარ მუშაობას.“

ბეთჰოვენს მართლად მიუწერია „ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს.“ ეს ევროპაში ბევრისთვის გაუგებარი გამხდარა, ამიტომ სიტყვა „ აღმოსავლეთის“ ზედმეტად მიუჩნევიათ და გადაუხაზავთ, დაუტოვებიათ მხოლოდ „ეძღვნება ნაპოლეონს.“ ამ ფაქტს დიდი კომპოზიტორი ისე აღუშფოთებია, რომ ეს მიძღვნა საერთოდ გაუუქმებია და სიმფონიისთვის „გოლიათური“ უწოდებია. „დიდი კახი“ დიდი კომპოზიტორის ცნობიერებაში სწორედ გოლიათურს უნდა გატოლებოდა. დაუმარცხებელ მხედართმთავარს, ერეკლეს კავკასიაში „ქართველ ლომს“ უწოდებდნენ. უძლიერესი კავკასიელი მონარქის მიმართ პატივისცემით იყვნენ განმსჭვალული, როგორც კავკასიელი ისე ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხის. გაერთიანებული ქართლ-კახეთის უკანასკნელმა მეფემ ორასამდე ომი ძლევამოსილებით გადაიხადა, რამაც განადიდა და განაბრწყინა მისი სახელი.

დაუმარცხებელ მხედართმთავარ ერეკლეს, კავკასიაში ”ქართველ ლომს” ეძახდნენ – მისადმი პატივისცემით იყვნენ გამსჭვალული როგორც კავკასიელი, ისე ახლო აღმოსავლეთის ხალხები. ფრანგულ პრესაში კი იწერებოდა რომ ერეკლე მეფე ირანის დედაქალაქის ასაღებად ემზადება და ამის ძალაც შესწევსო.

1782 წელს თელავსა და თბილისში გაიხსნა სასულიერო სემინარიები, აგრეთვე, სამრევლო სკოლები მონასტრებთან და ტაძრებთან, რომელთაც ხშირად მოინახულებდა ხოლმე.

1798 წლის 11 იანვარს, ღამით, შობიდან 77 წლისა აღესრულა ქართველთა დიდი მეფე თელავის სასახლის იმავე პალატში და იმავე სარეცელზე, სადაც დაიბადა.

მთელმა საქართველომ გულით დაიტირა თავისი საყვარელი პატარა კახი. 20 ათასი ცხენოსანი ცოცხალ კედლად აღიმართა სასახლის ირგვლივ. 40 დღის განმავლობაში ხელით ატარეს ძვირფასი ნეშტი სატახტო ქალაქიდან უძველეს სატახტო ქალაქამდე. გზადაგზა ტაძრებში ასვენებდნენ და პანაშვიდებს უხდიდნენ. მგლოვიარე მოსახლეობა თელავიდან მცხეთამდე ხალიჩებს უფენდა მეფეს… მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მეფე ერს 40 დღე ეგლოვოს და ხელით ეტარებინოს სასვენებელი იმხელა მანძილზე, რამხელად თბილისიდან მცხეთამდეა.

ამ ომის გენიოსს რომ ჰყოლოდა რომელიმე მაშინდელი ძლიერი ევროპული ქვეყნის ჯარი, მსოფლიოს დაიპყრობდა.
ესაა ერთ-ერთი მაგალითი იმ 500 ბრძოლიდან ან ომიდან, რაც ერეკლე მეფემ გადაიტანა, სადაც კარგად ჩანს მისი საბრძოლო გენია – ბრძოლა აზატ ხანთან:

ქართველთა ლაშქარში 3 000 მეომარი იყო, ხოლო აზათ ხანს 18 000 კაცი ჰყავდა. გადამწყვეტი ბრძოლა სოფელ ყირბულახთან მოხდა.
სანამ ბრძოლა დაიწყებოდა ერეკლე მეფე ცხენიდან ჩამოქვეითდა მასთან ერთად ჩამოქვეითდა 1500 მეომარი. ყოველივე ამან გამოიწვია არევ-დარევა მოწინააღმდეგის ჯარში, ანუ ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა.ბრძოლის ნაცვლად ქართველთა ჯარი ჩერდება და ცხენებიდან ჩამოდიან. აზათ ხანმა გადაწყვიტა, რომ ერეკლე ნებდებოდა, ამიტომ მისმა ლაშქარმა დაიწყო მიახლოვება ერეკლესთან. უახლოვდებოდნენ ძალიან ნელა ,მშვიდად, ისინი ქართველებისაგან არაფერს ელოდნენ მათი ლაშქრის სიმცირის გამო. სულ რაღაც ათეული მეტრი აშორებდათ ერთმანეთისაგან.
აზათ ხანის ჯარიდან გამოვიდა ავღანელი ხანი და მოსთხოვა ერეკლეს ხლებოდა მას. ერეკლეს გადადგმული არ ჰქონდა ნაბიჯი, რომ მოწინააღმდეგეს ესროლა. ეს იყო ნიშანი: სანამ მე არ ვისვრი,არცერთმა თქვენგანმა არ გაისროლოს”.
ახლა წარმოვიდგინოთ მტრის მდგომარეობა. რამდენიმე ათეული მეტრია, 1500 კაცი ერთროულად ისვრის და აცილება გამორიცხულია. შედეგად მოწინააღმდეგის ჯარი იბნევა, წინააღმდეგობას ვერ უწევენ ერეკლეს და ამან განაპირობა ბრძოლის ბედი. აზათ ხანი ბრძოლის ველიდან გაიქცა.
ერეკლე მეფე ძალიან ბევრი გასაოცარი და წარმატებული ბრძოლების შემოქმედია, მაგრამ ეს ბრძოლა ერთ-ერთი მისი საუკეთესო ბრძოლაა. მან 6-ჯერ მეტი მტერი დაამარცხა.
ერეკლემ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა ძალიან მცირე მსხვერპლის ფასად, მას რომ ყველა ბრძოლაში 500 და 1000 კაცი დაეკარგა 10 თუ 15 წლის შემდეგ საქართველოში მოლაშქრე აღარ იქნებოდა. ამაში მჟღავნდება პრინც ჰერაკლეს გენია.

მას 28 შვილი ჰყავდა, დარეჯან დადიანისგან მას 23 შვილი შეეძინა.

ერეკლე მეორის წერილი ავსტრიის იმპერატორ იოსებ მეორეს! ეს მათთვის, ვისაც ერეკლე პრორუსი პოლიტიკოსი ჰგონია. წერილი იტალიურიდან თარგმნა და გამოაქვეყნა პროფესორმა ილია ტაბაღუამ. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ასეთი ფაქტები მიზანმიმართულად მიჩქმალული იყო. წერილი დაწერილია გეორგეევსკის ტრაქტატამდე 1 წლით ადრე:

“რამდენადაც ვცხოვრობთ ისეთ ადგილას, რომელიც გარემოცულია საფრთხით, თუ ჩვენ არ გაგვაძლიერებენ, მუდმივი საშიშროება გვემუქრება. ჩვენ არ ვართ აღჭურვილნი ძალით, რომ შევქმნათ ისეთი რიგის ჯარი, როგორიც ევროპასა ჰყავს. თანაფარდობის მიხედვით ჩვენ ჯერ კიდევ ცოტანი ვართ და მტერი კი გვჭარბობს. ღვთის წყალობით, მოვიკრებთ ძალას მათ დასამარცხებლად. ჩვენი მოწინააღმდეგენი ვერ შესძლებენ წინააღმდეგობის გაწევას. ვიმყოფებით სპარსეთსა და აზიის სხვა სამეფოებს შორის. ამ სამეფოებს შორის მტრობა ჩამოვარდა, ყველა შფოთვამ მოიცვა და ახლა ისინი დასუსტებულნი არიან. ამჟამად მათ არაფერი შეუძლიათ, განსაკუთრებით, თუ ჩვენ გვეყოლება დისციპლინირებული ევროპული რიგის ჯარი. მაგრამ რაკი არ გვყავს ასეთი ჯარი, ლეკები დაღესტანიდან და კავკასიიდან და სხვა მეზობელი მაჰმადიანები ერთიანდებიან და ჩვენ გვაწიოკებენ. ვინც უნდა დაგვხმარებოდა, ისინიც ნაკლებად გვეშველებიან და ამიტომ ჩვენ დიდ განსაცდელში ვვარდებით უფულობის გამო. ამრიგად, ვთხოვთ თქვენს დიდებულებას და მოწყალე უდიდებულესობას, ერთი პოლკა ჯარის შესანახი თანხა მოგვცეს ჩვენ გასაძლიერებლად. შესაძლებელია, ერთ დღეს უზენაესის წყალობით, თავისი ძალების შესაბამისად, ეს ქვეყანაც ჩადგეს ევროპის მეფის სადიდებლად მის სამსახურში.

მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ერეკლე”

ვინაიდან ევროპიდან არანაირი დახმარების ხელი არ იქნა გამოწვდილი, ერეკლეს სხვა გზა აღარ დარჩა და 1783 წელს ხელი მოაწერა დაწყევლილ ტრაქტატს, რაც მისი მეფობის უდავოდ უდიდეს კრახად შეგვიძლია მივიჩნიოთ რომლის მსგავსიც არ ახსოვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის 33-საუკუნოვან ისტორიას. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ მისი ჰომოფობიური კანონები. ერთ-ერთი არის ეს:

“ჩვენ, ირაკლი მეფემან, მპრყობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნება-ყოფლობითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნების თავადთა, აზნაურთა, დიდვაჭართა და გლეხთა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ, გულდაჯერებულად ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი და ღვთის განმარისხებელნი საქმენი. მაგრამ ჩვენ ხალხს ვაფრთხილებთ: თუ ვინმე ამისთანა საქმის მქმნელი გამოჩნდეს, ან მომწამლელნი, ან კაცის შემკრელნი, ან სიყვარლის და სიძულვილის წამლის მიმცემნი, ან ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებელისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობისა მქმნელნი მამალნი ანუ დედალნი, ესენი უნდა ძალიანი და საანდაზო ჯაჯაებით (ჯაჯა – ტანჯვა-წამება) დაიხოცნენ. ეს განჩინება ყოველმა ეპისკოპოსმა თავის სამწყსოს, საყდრებში თავის ხალხს წაუკითხონ და გააფრთხილონ.” წყარო ციტატისა – კორნელი კეკელიძე: ქართული ლიტერატურის ისტორია. ტომი I.

ერეკლე მეორეს ბრძოლების არასრული სია

1) 1747 წ. – ომი აბდულა ბეგსა და ერეკლეს შორის.
ბრძოლა სამშვილდის ციხესთან.
2) ბრძოლა თბილისთან.

3) ბრძოლა სოლოლაკთან.

4) ბრძოლა წავკისთან.

5) თბილისის ირანელ მეციხოვნეებზე შეტევა და ირანელების დამარცხება.

6) 1749 წ. – ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა. თითქმის ყველა ბრძოლაში ერეკლე თავად სარდლობდა ჯარს და პირველი შეიჭრებოდა მტრის რიგებში. ხშირად უწევდა მათი ბელადების წინაამღდეგ პირისპირ შებრძოლება.

7) 1749 წ. – ნადირ–შაჰის მკვლელობაში მონაწილე, მაჰმად–ხანმა ერევნის სახანოს დაპყრობა გადაწყვიტა. ერევნელების თხოვნით ერეკლემ დაამარცხა მაჰმად–ხანი. ამის მერე ერევნის სახანო, ერეკლეს ხარკს 1795 წლამდე უხდიდა.

8) 1750 წელი – ყარაბაღის მფლობელი ფანა–ხანი, რომელიც განჯის დაპყრობას აპირებდა განჯას მიადგა, განჯის ხანმა და ყარაბაღელმა სომხებმა ერეკლეს დახმარება სთხოვეს. გმირულ ბრძოლაში ქართველებმა ერეკლესა და თეიმურაზის სარდლობით დაამარცხეს ფანა–ხანი.

9) 1751 წლის თებერვალში, მდინარე აგრი–ჩაისთან, აჯი–ჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში, მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძეს დახმარებით გამოვიდა წყლიდან, მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე დატყვევებას გადარჩა.

10) 1751 წლის ივლისში, თავრიზის მმართველი და ირანის ტახტის მაძიებელი, აზატ–ხანის თვრამეტიათასკაციანი ლაშქარი, ერეკლემ ერევნის მახლობლად, ყირბულახის ბრძოლაში საოცარი საზრიანი და საკუთარი გმირული შემართების წყალობით და ბრძოლით დაამარცხა,

11) 1752 წელს, აჯი-ჩალაბმა, განჯასთან ისევ დაამარცხა ქართველები.

12) 1752 წლის სექტემბერში, ყაზახ–შამშადილუს საზღვარზე, თულქითეფეს ბრძოლაში. აჯი-ჩალაბის ჯარი, რომელსაც მისი ვაჟი აღა–ქიში სარდლობდა სასტიკად დაამარცხეს ქართველებმა.

13) 1754 წელს, ავარიელი, ხუნძახის ბატონი, ნურსალ–ბეგი მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლში შემოიჭრა,არაგვის მიდამო და დუშეთი დაარბია,მჭადიჯვრის ციხეს ალყა შემოარტყა. ერეკლემ და თეიმურაზმა მჭადიჯვრის ბრძოლაში დაამარცხეს და დიდი დანაკარგით განდევნეს მტერი.

14) 1755 წელს ნურსალ–ბეგი ყვარელს მოადგა. ქართველების მიმართ სხვა, მტრულად განწყობილ სახანოების რაზმებთან ერთად მისი ჯარი 30000–მდე მებრძოლს ითვლიდა. მათ ყვარლის ციხეს შემოარტყეს ალყა. თუ კახეთი დაეცემოდა, ქართლსაც იოლად დაიპყრობდა მტერი, შემდეგ დასავლეთ საქართველოსაც გადასწვდებოდნენ და ერის მომავალი დასაღუპავად იყო განწირული. ქართველი მეფეების გონიერი, გაბედული საბრძოლო მოქმედების შედეგად ყვარლის ბრძოლაში, მინიმალური დანაკარგით მოიგერიეს მტერი.

15) 1759 წელს ლეკების 8000–იანი ჯარი დაამარცხა ერეკლემ ატოცთან და დვანის ციხესთან. ამ ბრძოლაში მას სოლომონ პირველიც ეხმარებოდა.

16) 1760 წელს ერეკლემ ყარაბაღის ხანი დაამარცხა.

17) 1760 წ. – განჯაში ლაშქრობა.

18) 1760 წ. – ერევანში ლაშქრობა.

19) ბრძოლა შინდისთან დაღესტნელების წინააღმდეგ.

20) მთელი 1760 წლის განმავლობაში ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებდნენ ქართლში, ქიზიყში, კუმისის, ბოლნისის მიდამოებში, სომხითი და საბარათიანო თითქმის მთლიანად დაიცალა. თბილისის გარშემო მდებარე დასახლებებსაც უტევდა მტერი, თუმცა კი უმეტეს შემთხვევაში დამარცხებული ბრუნდებოდნენ უკან. ამ დროს ერეკლეს „აშვებული ლომის“ სახელი ჰქონდა. ამ წელს მან გადაიტანა 50-ზე მეტი ბრძოლა.

21) 1765 წელს,ერეკლეს წინააამღდეგ შეთქმულება მოეწყო, რომელსაც სათავეში პაატა ბატონიშვილი ედგა, შეთქმულებს ერეკლეს ფიზიკური განადგურება ჰქონდათ ჩაფიქრებული. ერეკლემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და სასტიკად დასაჯა მოწინაამღდეგენი.

22) 1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის მორიგი ომი. ერეკლემ ამ ომში რუსების მხარე დაიჭირა.1769 წელს გრაფი ტოტლებენი შემოვიდა რუსის ჯარით საქართველოში. ერეკლე და ტოტლებენი, გაერთიანებული ჯარით ახალციხისკენ დაიძრნენ. ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე და უკან გამობრუნდა.
1770 წ. 20 აპრილი. – ასპინძის ბრძოლა. 8000 თურქი 3000 ქართველის წინაარმდეგ, რაც ქართული ჯარის გამარჯვებით დასრულდა. სრულად განადგურდა თურქული ჯარი და ქართველებს ჰქონდათ 25-კაციანი დანაკარგი.

23) 1771 წელს, ერეკლემ ხერთვისის ციხე გაათავისუფლა ოსმალებისგან.

24) 1778 წელს დაამარცხა განჯის მმართველი ფათ–ალი–ხანი.

25) 1779–1780 წლებში ერევნის ხანთან მოუწია ბრძოლა.

26) ლეკები დაესხენ თუშეთს.

27) ლეკები დაესხნენ ქიზიყს.

28) ლეკები დაესხნენ ცხინვალს.

29) 1773 წელს ნურსალ-ბეგი ბოდბეს დაესხა თავს. ლეკთა მოთარეშე რაზმები თბილისამდე მოდიოდნენ.

30) 1785 წელს თბილისში რუსის ჯარი შემოვიდა. მათ ქართველებთან ერთად რამდენიმე ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა.

31) 1785 წელს საქართველოს, ნურსალ ბეგის ვაჟი, ომარ–ხანი, 20,000–იანი ლაშქრით დაესხა თავს. ერეკლესთან შებრძოლება პირისპირ ვერ გაბედა, ქართველებმაც ვერ მოიხელთეს მისი რაზმები, რომლებიც ახალციხეში შემოვლითი გზებით გადავიდნენ და გზად ყველაფერს აოხრებდნენ. დაანგრიეს ახტალის ლითონის მადნები. დიდი ზარალი მიაყენეს ქართლ–კახეთს, გადასწვდნენ იმერეთსაც.

32) 1785 წ. – მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, მტრის თავდასხმები და ბრძოლები არ წყდებოდა. საქართველო სისხლისგან იცლებოდა.ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. დიდი ეკონომიური ზარალი მიაყენა ქვეყანას ომარ–ხანის თავდასხმამ.

33) 1787 წელს რუსებისა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა დალაშქრა. განჯა.

34) 1787 წ. – ყარაბაღის დალაშქვრა.

35) 1787 წ. – ნახიჩევანის დალაშქვრა.

36) 1787 წელს ქართველთა და რუსული ჯარის ნაწილებმა დაიმორჩილეს განჯა.

37) 1787 წ. – ყარაბაღის დამორჩილება.

38) 1787 წ. – ნახიჭევანის დამორჩილება.

39) 1787 წ. – ბრძოლა ომარ ხანთან რუსთავში.

40) 1787 წ. – ბრძოლა ომარ ხანთან ქიზიყში.

41) 1787 წ. – ბრძოლა ომარ ხანთან თიანეთში.

42) 1795 წლის ივნისში, აღა–მაჰმად–ხანის 8 ათასი მებრძოლისაგან შემდგარი არმია, ყარაბაღის ხანის, იბრაჰიმის (რომელიც ერეკლეს ერთადერთ მოკავშირედ რჩებოდა ) და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა, ყარაბაღის მიდამოებში დაამარცხა. ქართველებს ამ ბრძოლაში, ერეკლეს დავალებით ალექსანდრე ბატონიშვილი სარდლობდა.

43) 1795 წ. – კრწანისის ბრძოლა. 75 ათასი კაცით კავკასიაში შემოვიდა. ჯარი სამ ნაწილად გაჰყო, ერთი ნაწილი ერევნის მიდამოებში დატოვა, მეორე ნაწილი ყუბის მიმართულებით გაუშვა, თავად კი 20 თუ 25 ათასი კაცით ყარაბაღში ბრძოლით შევიდა და მიუვალ შუშის ციხეს ალყა შემოარტყა. იბრაჰიმ–ბეგი ციხეში შეიკეტა და გამაგრდა.
აღა–მაჰმად ხანი ერთი თვე არ მოშორებია შუშის ციხეს. ისეთი ვითარება შექმნა თითქოს საქართველო არც კი აინტერესებდა, მაგრამ, ჯაშუშების მეშვეობით, როგორც კი დარწმუნდა, რომ რუსები ერეკლეს დაცვას არ აპირებდნენ, სწრაფი სვლით საქართველოსკენ წამოვიდა. მისი ჯარის და მასთან მიერთებული, გზად მდებარე სახანოების ლაშქარში 35 ათასი მებრძოლი იყო.
ცოტა ხნით ადრე, თავად ერეკლე, სოლომონ მეორის თანხლებით დაიძრა ერევნისკენ. მათი ჯარი 3000 ქართლ–კახელი და 2000 იმერელი მებრძოლისაგან შედგებოდა. ქართველებმა როდესაც გაიგეს სპარსელების მანევრის შესახებ, ყაზახში უკან შემობრუნდნენ და 6 სექტემბერს თბილისს მოადგნენ.
7 სექტემბერს კი აღა–მაჰმად–ხანმა წითელი ხიდი გადმოლახა. მისი ჯარი, რიცხობრივად 6 –ჯერ აღემატებოდა ერეკლეს ჯარს,რომლის რაოდენობაც 6000 არ აჭარბებდა
პირველი აღსანიშნავი შეტაკება, 10 სექტემბერს, შინდის–ტაბახმელასთან, კრწანისის ველის მთიან ფერდობებზე მოხდა. ამ დღეს ქართველებმა უკან მიაბრუნეს მტერი.
11 სექტემბერს, აღა–მაჰმად–ხანი თავად ჩაუდგა ძირითად ჯარის ნაწილებს სათავეში და თბილისზე იერიში რამდენიმე მხრიდან მიიტანა.
კრწანისის ბრძოლა ქართველთა სასტიკი დამარცხებითა და თბილისის დანგრევა–განადგურებით დამთავრდა. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ რუსებმა პირობა არ შეასრულეს და მტრის პირისპირ, მარტო მიატოვეს ქართველები. თავად დასუსტებული საქართველოს ზოგადი მდგომარეობაც ხელს უწყობდა ამ მარცხს. ბრძოლაში კი, სპარსელთა რიცხობრივად დიდი უპირატესობა დამარცხების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.

44) 1796 წელს ქართველებმა განჯა დალაშქრეს, მოღალატე განჯის ხანი დააჩოქეს, იქიდან მრავალი ტყვე წამოიყვანეს უკან. დაიწყეს თბილისის აღდგენა.

45) 1797 წელს ისევ არ წყდებოდა დაღესტნელთა განუწყვეტილი ლაშქრობები და აღმოსავლეთ ქართველებმა ამ წელსაც გადაიტანეს ათეულობით ბრძოლა.

მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც მეფობდა ერეკლე მეორე (1744 – 1798 წწ.) მიმდინარეობდა ჩრდილო კავკასიელების, ლეკების, იგივე ლეზგების, დაღესტნის სხვადასხვა ეთნოსის დიდი და მცირე რაზმების ასეულობით თავდასხმა და ბრძოლა მთელი ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე. შესაძლოა ამ ბრძოლების რიცხვი იყოს მეტი, ვიდრე 500.

Facebook Comments

Share.

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com