გიორგი ბალანჩივაძე – ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი (1921-1939) და მეორე ტალღის (1945-1950) ქართველ ემიგრანტთა რიცხვი 300-ს არ აღემატებოდა, თუმცა ამ მცირე დიასპორამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო ცხოვრებაზე. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ის ქართველები, რომლებმაც ამერიკას ხუთი დარგი შეუქმნეს: გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი) – სამედიცინო მინის მრეწველობა და ნაძვის ხის მინის სანთლები და სათამაშოები; ალექსანდრე ქართველიშვილი (ალექსანდრ კარტველი) – სამხედრო ავიაცია; გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი) – ბალეტი; გიორგი მაჩაბელი (პრინცი მაჩაბელი) – პარფიუმერია.
ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე) იყო ქართველი-ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი.
ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადოს ხილვადი. ბალანჩინის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახალ მიმართულებების ფორმირებას. ბალანჩინის ხელმძღვანელობით „ნიუ-იორკ სიტი ბალე“ საგასტროლოდ ორჯერ იყო ყოფილ სსრკ-ში (1962, 1972). სპექტაკლები გამართა თბილისშიც.
1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიინსკის თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი (პედაგოგი პ. გერდტი, ს. ანდრიანოვი),
1923 — პეტროგრადის კონსერვატორია.
1921—1924 პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში „ოქროს მამალი“ (ნ. რიმსკი-კორსაკოვი), „უიღბლო ეუგენი“ (ტოლერის ამავე სახელწოდების პიესა).
1923 ხელმძღვანელობდა პეტროგრადის „ახალგაზრდა ბალეტს“, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები (ლ. ლავროვსკი, პ. გუსევი, ი. სლონიმსკი და სხვები).
1924-იდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ.
1925-1929 იყო პარიზის „ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი.
1932 — ფრანფული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს“ და „ბალე — 1933-ის“ ბალეტმაისტერი. 1933 მიიწვიეს აშშ-ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასი (1948-იდან „ნიუ-იორკ სიტი ბალე“). ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია: ს. პროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), ი. სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“ (1928), „ორფევსი“ (1948), „აგონი“ (1957), „ბროლის სასახლე“ (ჟ. ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი“ (პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვა. ავტორია წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“ (ინგლისურ ენაზე).

Facebook Comments

Share.

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com