უნდა ვაღიაროთ თუ არა მეგრული, სვანური და ლაზური რეგიონულ ენებად?

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

2018 წლის 25 ივნისს სამეგრელოში ორგანიზაცია შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ ინიციატივით, მეგრული ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ინფორმაციას “livepress.ge” ავრცელებს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი მიმართვისა და მათგან უყურადღებობის შემდეგ გადავწყვიტეთ ხელმოწერების შეგროვება, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ედემ იზორიამ.
„მოვითხოვთ, რომ ვაღიაროთ ენებად მეგრული, სვანური და ლაზური ენები. ჩვენი ბავშვები უკვე აღარ საუბრობენ მეგრულად, ეს იმას ნიშნავს, რომ მეგრული ენა კვდება. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი თაობის შემდეგ აღარავინ ილაპარაკებს მეგრულად, ამიტომ სასწრაფოდ არის ენა გადასარჩენი. მოვითხოვთ, რომ ჩვენს სკოლებში, მე–6 კლასამდე განათლების მიღება ხდებოდეს მეგრულად, ხოლო მაღალ კლასებში იყოს მეგრული ენის საგანი. ჩვენ ამ მიზნით დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რამდენსაც შევაგროვებთ, გავაგზავნით პარლამენტში, ამის შემდეგაც თუ აღარ მოგვაქციეს ყურადღება, მასშტაბურ აქციებს გავმართავთ“, – განაცხადა ედემ იზორიამ.
მეგრული ენის გადარჩენის მოთხოვნით აქტივისტთა ჯგუფმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიმართა საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს და საპატრიარქოს.
ედემ იზორიამ განაცხადა, რომ საპატრიარქოში მიტანილი წერილი არ ჩაიბარეს. წერილის ავტორების სურვილი, სამეგრელოს ტერიტორიაზე მოქმედ ეკლესიებში მსახურების ქართულთან ერთად მეგრულ ენაზე აღვლენა იყო. მიზეზად განუმარტეს, რომ ეს თემა მათ არ ეხებათ.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას, წერილის პასუხად მიიღეს, რომ ეს საკითხი მათი პრეროგატივა არ არის. სხვა უწყებებიდან კი, ედემ იზორიას თქმით, მიმართვაზე პასუხი არ მიუღიათ.
ხელისუფლებისა და საპატრიარქოსადმი გაგზავნილ მიმართვაში აქტივისტები ითხოვენ განათლების, სამედიცინო მომსახურების და სხვადასხვა სერვისის მიღების, ასევე საეკლესიო რიტუალების ჩატარების უფლებას როგორც ქართულ, ასევე მეგრულ ენაზე.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არსებობს რამოდენიმე ენა, რომელზეც ქართველები საუბრობენ. ესენია: ქართული, მეგრული და სვანური. ასევე არის ლაზური ენაც, რომელიც ძალიან ჰგავს მეგრულს. მეგრელების და ლაზების წინარე ენა იყო ჭანური, რომლისგანაც გამოიყო ეს ენები დროთა განმავლობაში და სხვადასხვა იმპერიების ზეგავლენის შედეგად ცოტა შეიცვალნენ, მაგრამ მაგრელებს და ლაზებს პრინციპში ერთმანეთის ესმით. გაეროს მონაცემებით სვანურ ენაზე დღეს საუბრობს დაახლოებით 80,000 ადამიანი, ხოლო მეგრულზე დაახლოებით 400,000. ეს ენები გაერომ შეიყვანა გადაშენების პირას მყოფი ენების სიაში, რადგან ამ ენებზე სწავლა არ მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, არც სკოლებში არს უნივერსიტეტში და ა.შ. ენაზე მოთხოვნა არ არის არსად, გარდა მეგრული ოჯახებისა. თუმცა უფროსი თაობაც კი აღარ საუბრობს სუფთა მეგრულ ენაზე. ნაწილი ქართული სიტყვები იხმარება, ნაწილი კი რუსული. ენა გაქრობის საშიშროების ქვეშაა. როგორც იქნა ადამიანებმა გაიაზრეს ეს საფრთხე და მიმართეს არაერთხელ საქართველოს მთავრობას ამის თაობაზე და სთხოვეს რომ გაეხადათ აუცილებელი მეგრულ ენაზე სწავლება მიმიმუმ სამეგრელოს სკოლებში და მაქსიმუმ დანარჩენ ტერიტორიაზეც. ამაზე უარი მიიღეს. ამის შემდეგ ხალხმა გადაწყვიტა ცივილიზებული ფორმით გამოეხატა თავიანთი მოთხოვნა, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა კრიტიკით. ეძახიან ამ ადამიანებს სეპარატისტებს და სხვა შეურაცხმყოფელ კომენტარებსაც აკეთებენ. მე ვარ იმერელი, ნახევრად კი რაჭველი. არავინ მყავს მეგრელი ნათესავი და მე ვარ ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ მეგრული ენა არ უნდა გაქრეს და უნდა ისწავლებოდეს და რატომ ვარ მე სეპარატისტი? რატომ მეძახით მე სეპარატისტს? და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ ეს მოთხოვნა გაჟღერდეს და სეპარატისტი არ შეგარქვან? და რატომ ხედავთ ამაში პრობლემას? ვისაუბროთ ამ თემაზე ცივილიზებულად და არგუმენტირებულად.
მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფომ აუცილებლად უნდა აღიაროს მეგრული, სვანური და ლაზური ენები რეგიონულ ენებად და დაიცვას ისინი. ეს 4 დიდი ქართველური ან გეორგიული ენა გეორგიელთა ერთიან სახელმწიფოში (საქართველოში) არაა ერთნაირად დაცული და პატივცემული.
არადა ჩვენი ეროვნული, შეუფასებლად დიდი სიმდიდრეა 4 ქართველური ენა და 3 ქართველური დამწერლობა. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება და პირდაპირ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს არა უბრალოდ კულტურა – არამედ ისეთივე დიდი ცივილიზაცია, როგორიც სლავებს, გერმანელებს და კელტებს. და ეს ყველაფერი ამდენად პატარა გეოგრაფიულ არეალში იმათთან შედარებით. ფაქტობრივად სასწაულის მომსწრე ვართ და ეს სასწაული არ უნდა გავანადგუროთ და დავიცვათ.
ამას რომ ვამბობ მე ვარ სეპარატისტი? ნურას უკაცრავად. პირიქით. ეს ისეთ სიგნალს გაუშვებს ლაზებისკენ თურქეთში რომ წარმოდგენაც კი არ გაქვთ ამის დადებით ეფექტებზე. ასევე ოსები და აფხაზები ხედავენ რომ ჩვენსას არ ვცემთ პატივს და “ესენი სხვებს დაგვინდობენო?!” – ფიქრობენ.. ასე რომ ცოტა ტვინი გავანძრიოთ ჩვენ ჯობია და დედამიწის და ჩვენს საკუთარ კულტურას არ მივცეთ გადაშენების საშუალება. 200 ათასზე მეტი ენა უკვე მკვდარია კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში. დარჩენილია 6000 ენა და არ შევმატოთ გადაშენებულებს 3 გეორგიული ენაც, თორემ მერე მეოთხეც შეემატება!
სამწუხაროდ ლაზური ენის მცოდნე ლაზები მხოლოდ 30 ათასიღა დარჩნენ. თურქეთის სახელმწიფო საბედნიეროდ ატარებს გარკვეულ ზომებს რომ ხელი შეუწყოს მათ, ვისაც უნდა ამ ენის შესწავლა. ჩვენ რას ვაკეთებთ? არათუ ლაზურს ვუფრთხილდებით როგორ ქართველური ცივილიზაციის განძს, არამედ სვანურს და მეგრულსაც კი დიალექტებს ვეძახით, არადა ჩამოყალიბებული ენებია.
დიახ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ვისაც გვინდა რომ ჩვენმა შვილმა ისწავლოს სვანური, მეგრული და ლაზური ერთი კლასი ან სემსტრი მაინც, დიახ უნდა მოგვცეს ამის უფლება სახელმწიფომ საქართველოს ყველა სკოლაში როგორც ამას აკეთებს თურქეთი…
ეს არ არის მხოლოდ ქართების სახელმწიფო ეს ერთიანი იბერო-კოლხური – გეორგიული სახელმწიფოა!
ქართული შოვინიზმი არაფრით ჩამოუვარდება რუსულს. უბრალოდ, ზომებშია განსხვავება. ვთქვათ სიმართლე, საქართველოში მეგრული ენა კი არა, მეგრელები სძულთ თავიანთი ენიანად. სადღეგრძელოებს ეუბნებიან, თვალებში შესციცინებენ მეგრელებს, ზურგს უკან კი საფლავს უთხრიან ეთნოსის უპირველეს ღირებულებას – ენას. სამწუხაროდ, ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, მეგრული ენის მიმართ დამოკიდებულებები არათუ უკეთესობისკენ იცვლება, არამედ რჩება ზიზღისა და გინების ობიექტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. აბსურდია, როცა ამ ენას თვითონ ქართები ეძახიან “ქართველურს” და ამასთანავე მისი სიკვდილი საქართველოს გაბრწყინებად თუ არა, მის საწინდარად მიაჩნიათ. ეს ქვეყანა სავსეა ისეთი ადამიანებით, მეგრული ენის დაკანონებას მოჩვენებით მხარს რომ უჭერენ მეგრელებთან, გული კი სიძულვილით აქვთ სავსე და პირველები თვითონ მოაწერენ ხელს მეგრელების ენის სიკვდილს. უნდა ვინმეს ეს თუ არა, კაცობრიობა მაინც წინ მიდის, იხვეწება და უჩნდება ელემენტარული მოთხოვნილებები. ენის დაცვაზე უკეთესს ქართული სახელმწიფო ვერაფერს შესთავაზებს მეგრელებს, თუმცა ძნელია რამის იმედი გქონდეს მაშინ, როცა შენი ქვეყნის სახელმწიფო, საპატრიარქოსთან ერთად შენივე მხარეში ტოპონიმებს გითარგმნის. ძნელია, როცა უცხოეთში შენს ენაზე თავისუფლად ლაპარაკობ, შენი ქვეყნის დედაქალაქში კი შოვინიზმის მსხვერპლს საუბრის გრცხვენია, არ დამცინონო. ეს უმცირესია, რაც აქ შეიძლება დაიწეროს. პრობლემა უამრავია, რომელსაც მიხედვა დიდი ხანია სჭირდება. ერთი კია, მეგრელები ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ადგანან გამოფხიზლების გზას, ეს კი დიდწილად სწორედ იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რაც საუკუნეებია გრძელდება სამეგრელოსთან მიმართებაში.
მეგრული, ლაზური და სვანური უძველესი კოლხური ენებია და მე მინდა რომ ჩემმა შვილმა იცოდეს. რატომ არ მაქვს საშუალება რომ სკოლაში ვასწავლო? ვისაც არ უნდა ნუ ისწავლის, მე მინდა რომ ვასწავლო. რატომ უნდა ისწავლებოდეს ჩეჩნური და რატომ არა კოლხური ვინმე მეტყვის? საქართველოში… ოსებს თავისი სკოლები აქვთ, აფხაზებსაც. მაინც და მაინც უნდა გვეომონ მეგრელები და სვანები როგორც ჩეჩნებმა და აფხაზებმა ქნეს რომ პატივი ვცეთ? ერის გახლეჩვას სწორედ ის უწყობს ხელს, სწორედ ის, რომ არ ვცემთ პატივს საკუთარივე ეთნოსებს. ეგ შეგვეშალა ოსებთანაც და აფხაზებთანაც რომ მივვარდით და ეგრევე გაუქმება გვინდოდა მათი ავტონომიის. ესაა იმპერიალიზმი მეტი არაფერი. ესაა ქართების იმპერიალიზმი. ისეთივე როგორც რუსული იმპერიალიზმი.
უნდა გავიაზროთ, რომ ქართველური ენები ქართველებისთვის მჭიდროდ შემაკავშირებელი ხიდები უნდა იყოს და არა ბარიერები,ეს ქვეყანა ისევე ეკუთვნის მეგრულ-სვანურ ენებს როგორც ქართულს და ამ ქვეყანას ისევე ეკუთვნის მეგრულ-სვანური ენები როგორც ქართული ენა. ზუსტად ესაა ამ ქვეყნის სრული გაერთიანებისკენ (არა მხოლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო) გადადგმული უმთავრესი ნაბიჯი.
თუ ჩვენ სკოლებში ვსწავლობთ ნუსხურს და ასომთავრულს როგორც ქართული 3 დამწერლობიდან ორს, გარდა იმისა, რასაც ვიყენებთ სალიტერატურო ენაში (მხედრულს), მაშინ რატომ არ უნდა შეგვეძლოს რომ ვისწავლოთ ვისაც უნდა და სურვილი აქვს მეგრული და სვანურიც? ეს ხომ საკუთარის სიყვარული და დაფასებაა? შენ თუ საკუთარს, მეგრელს და სვანს აღიქვამ საშიშროებად და სეპარატისტად, აი ესაა სწორედ დაყოფის წინაპირობა და განხეთქილების წყარო. ესეიგი კარგი ბიჭი მხოლოდ მაშინ იქნება სვანი და მეგრელი თუ თავის უძველეს ენაზე რომელიც შუმერულის მონათესავეა იტყვის უარს და დაივიწყებს? არანაირად. ეს ძალიან ცუდი მიდგომაა. ეს იმპერიალიზმია, თანაც მიმართული საკუთარი უძველესი ცივილიზაციის წინააღმდეგ.
ლაზები იმიტომ არიან გამწარებულები ქართველებზე. შოვინისტები ხართო და არ გვეკარებიან. რომ დაინახავენ რა მიდგომაც გვაქვს და რომ ვაფასებთ ამ დიდ კულტურას აი მერე ნახეთ საით დაიწყონ იმედის თვალით ყურება ლაზებმაც…

 

ავტორი: თორნიკე ფხალაძე

Facebook Comments

Share.

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com